Wednesday, March 23, 2011

საქართველო წიგნიერების მხრივ.


საქართველო კითხვის საერთაშორისო შეფასების კვლევაში ბოლოდან მეექვსე ადგილზეა. ქართველი ბავშვები საკუთარ მშობლებს ჰგვანან - ისინი იშვიათად კითხულობენ. მაშინ, როცა კითხვის უნარ-ჩვევებს მოსწავლეთა აკადემიური და შემდგომში სოციალური წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
წიგნიერება
საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქეები თავდაჯერებულები არ არიან. გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ და სწავლობენ, რესურსებით ღარიბია. მათი მასწავლებლების დიდი ნაწილი ცუდად ფლობს სწავლების თანამედროვე  მეთოდებს. როდესაც ეს პირობები ერთმანეთს ემატება, ვიღებთ პრობლემას: ქართველი მოსწავლეები ცუდად კითხულობენ.
კითხვის საერთაშორისო შეფასების კვლევაში (PIRLS 2006) ორმოცდაერთი ქვეყანა მონაწილეობდა. კითხვის უნარების დონით საქართველო მათ შორის 36-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სკოლების 9-10 წლის მოსწავლეები სხვა ოცდათხუთმეტი ქვეყნის მოსწავლეებთან შედარებით ცუდად კითხულობენ.
საკუთრივ რეიტინგი განსაკუთრებულად სასარგებლო ინფორმაცია არ არის - ის არ გეხმარება საკუთარი მოქმედების უკეთ დაგეგმვაში. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ასეთ შედეგებს განაპირობებს.
კითხვასთან დაკავშირებული წარმატების განმსაზღვრელი ორი ძირითადი ფაქტორია: (1) თუ რამდენად თავდაჯერებულია მოსწავლე კითხვისას და (2) გარემო, რომელიც მოსწავლის, როგორც მოტივირებული და უნარიანი მკითხველის, ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
იმისთვის, რომ ბავშვს კითხვის მოტივაცია გაუჩნდეს, მის გარშემო ტექსტით მდიდარი გარემო უნდა არსებობდეს. სახლში არსებული წიგნების რაოდენობით, საქართველოს ცამეტი ქვეყანა უსწრებს. ტექსტით მდიდარ გარემოს წარმატების მქონე ქვეყნების უმეტესობაში ისიც ქმნის, რომ იქ ოჯახების უმრავლესობა ყოველდღიურ გაზეთებს სახლში იღებს.
სკოლები, განსაკუთრებით კი საკლასო სივრცეები, მნიშვნელოვანია წიგნიერი გარემოს შესაქმნელად. საქართველოში იშვიათია, საკლასო სივრცეში კლასგარეშე ლიტერატურა იყოს განთავსებული.
პრობლემა სასკოლო ბიბლიოთეკების თვალსაზრისითაც დგას. ბიბლიოთეკების უმეტესობა განთავსებულია იმდენად პატარა სივრცეში, რომ იქ მოსწავლისთვის კომფორტული გარემო არ არის. ამგვარი ბიბლიოთეკები, ძირითადად, წიგნთსაცავის ფუნქციას ატარებს. მოსწავლეს იშვიათად უშვებენ წიგნებთან, რომ თავად გადმოიღოს თაროდან, დაათვალიეროს და გემოვნების შესაბამისად შეარჩიოს. კარგ სკოლებში ბიბლიოთეკაში საკმარისი მაგიდები და სკამებია, რბილი ავეჯი და წიგნებიც ისეა განლაგებული, რომ მოსწავლე ადგილად მიწვდეს მათ და იქ გაატაროს გაკვეთილების შემდგომი დრო.
ფიზიკურთან ერთად მნიშვნელოვანია სოციალური გარემოც. ბავშვებში კითხვის სურვილს მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ რამდენად ხშირად კითხულობენ მათი მშობლები, რამდენად სიამოვნებთ მშობლებს კითხვის პროცესი, ესაუბრებიან თუ არა ისინი შვილებს საკუთარი გამოცდილების შესახებ.
ასევე, ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთა მშობლები შვილებს ადრეულ ასაკში უკითხავენ წიგნებს, ეხმარებიან მათ წიგნების შერჩევაში, უკეთეს შედეგს აღწევენ კითხვის თვალსაზრისით.
თავდაჯერებულ მკითხველად ბავშვი მაშინ ყალიბდება, როცა მისთვის გასაგებ ტექსტთან ურთიერთობს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეფასებას იღებს ის ირგვლივ მყოფებისგან. თუ მასწავლებელი, მშობელი ან თანატოლი აღნიშნავს იმას, რაც მოზარდს კარგად გამოსდის კითხვისას და არ იქნება მომართული ნაკლის აღმოჩენაზე, ეს მნიშვნელოვნად წაადგება ბავშვის თავდაჯერებულობას.
მნიშვნელოვანია, მშობელმა იზრუნოს, რომ მის შვილს წიგნები მუდამ ჰქონდეს. იმ შემთხვევებში, როდესაც მშობლებს ფინანსური მდგომარეობის გამო უჭირთ წიგნების შეძენა,  მათ მუნიციპალურ ან სხვა ბიბლიოთეკას უნდა მიმართონ.
ცხადია, კითხვის უნარსა და კითხვის მიმართ დადებით განწყობას მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ როგორ ასწავლიან კითხვას სკოლებში. მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ სახელმძღვანელოების დახმარებით ასწავლის მოსწავლეს კითხვას, ხშირ შემთხვევაში წარუმატებელია. სახელმძღვანელოები ხშირად ხელოვნურ ტექსტებზეა აგებული და მოსწავლეებში მისი კითხვა ჯილდოებთან და სასჯელებთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კითხვიდან მიღებულ სიამოვნებასთან. მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იზრუნონ, რომ მოსწავლეებმა სკოლის შემდეგ მათთვის საინტერესო წიგნები იკითხონ. კარგი აზრია მოსწავლეებს შორის წიგნების გაცვლის ორგანიზება და ამისთვის სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე, მრავალ სკოლაში არის იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებმა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების საშუალებით წაიკითხონ მათთვის საინტერესო ნაწარმოებები ან საინფორმაციო ტექსტები.
რა მდგომარეობაა საქართველოში აღწერილ ფაქტორებთან მიმართებაში?
იკვეთება, რომ ქართველი ბავშვები საკუთარ მშობლებს ჰგვანან. მშობლების დიდი ნაწილი ჩვენთან იშვიათად კითხულობს. კიდევ უფრო იშვიათია, რომ ისინი სიამოვნების მისაღებად კითხულობდნენ. დაახლოებით ამავე რაოდენობის მოსწავლე კითხულობს სკოლის შემდეგ, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. მოსწავლეების მცირე ნაწილი კითხულობს ინფორმაციის მისაღებად. მასწავლებლები იშვიათად მიმართავენ კითხვის მრავალფეროვან აქტივობებს. ამ ყველაფრის შედეგი კი ის არის, რომ ქართველი მოსწავლეების დიდი ნაწილი ვერ ფლობს კითხვის კომპეტენციებს. ამ უნარ-ჩვევას კი მათი აკადემიური და შემდგომში სოციალური წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

მშობლების რა პროცენტი კითხულობს ჩვენთან სიამოვნებისთვის?
38%
44%
17%

მოსწავლეების რა პროცენტი კითხულობს სიამოვნებისთვის?
29%
29%
41%

მოსწავლეების რა პროცენტი კითხულობს ინფორმაციის მისაღებად?
16%
43%
30%
11%

მოსწავლეები კითხულობენ სკოლის გარეთ
32%
32%
20%
17%

ყოველ დღე
კვირაში ერთხელ ან ორჯერ
თვეში ერთხელ ან ორჯერ
თითქმის არასდროს / არასდროს

წყარო: PIRLS 2008 International Report http://timss.bc.edu/pirls2006

No comments:

Post a Comment